სიახლეები
ნიკორას სუპერმარკეტების ქსელმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა

ნიკორას სუპერმარკეტების ქსელმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა

03 თებ. 2015

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია 'ნიკორა ტრეიდი" ტრადიციას განაგრძობს. კომპანიამ 30 იანვარს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" პარტნიორ ორგანიზაციებს უმასპინძლა. ღონისძიებაში ქართულ ბაზარზე მოქმედი 65 კომპანიის 110-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

შეხვედრას ქართული მწარმოებლებისა და სადისტრიბუციო კომპანიების პარალელურად, მსხვილი უცხოური კომპანიების ადგილობრივი წარმომადგენლობებიც ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი ორგანიზაციებს შორის ჩამოყალიბებული ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება გახლდათ.

შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში "ნიკორა ტრეიდმა" პარტნიორებს განვლილი 2014 წლის შედეგები გააცნო და მომავალი წლის გეგმებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრა.  მეორე ნაწილმა კი არაოფიციალურ, მეგობრულ გარემოში - ჯაზ-ბენდის თანხლებით ჩაიარა.

"ჩვენი მიზანი იყო არაფორმალურ გარემოში გამოგვეხატა პატივისცემა და კეთილგანწყობა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების მიმართ. მოხარულები ვართ, რომ "ნიკორა-ტრეიდს" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორის სახელი აქვს და ამის დასტურია "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართული ღონისძიების მონაწილეების დამოკიდებულებაც ჩვენი კომპანიის მიმართ.  

მომავალ წელს, რეგიონებსა და დედაქალაქში ქსელის აქტიური განვითარება კვლავ  კომპანიის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, იმედს გამოვთქვამთ, რომ 2015 წელი უფრო მჭიდრო პარტნიორობის და მეტი წარმატების საწინდარი იქნება," - აცხადებს "ნიკორა-ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ "ნიკორა ტრეიდმა" განვლილი წელი მნიშვნელოვანი შედეგებით დაასრულა. კომპანიის ანგარიშზეა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაზრდილი რეალიზაციის მაჩვენებელი, 20%-ით გაზრდილი მომხმარებლების რაოდენობა, ცამეტი ახალი და თერთმეტი განახლებული სავაჭრო ობიექტი, 400-ზე მეტი ახლად შექმნილი სამუშაო ადგილი, "სანდეის", "კი ბატონოსა" და "ჰომმარტის" შესყიდული სავაჭრო ობიექტები, რის შედეგადაც "ნიკორას" საკუთრებაში არსებული სუპერმარკეტების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 110-ს მიაღწია.