ბლოგი
როგორ შემოვიტანოთ ფიზიკური აქტივობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

როგორ შემოვიტანოთ ფიზიკური აქტივობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

ვარჯიში

დღეს, უშუალოდ ფიზიკურ აქტივობაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რადგან რეგულარული ვარჯიში  პირდაპირ აისახება თქვენს იმუნურ სისტემაზე, დაგეხმარებათ უფრო ენერგიულად იგრძნოთ თავი დღის განმავლობაში, იყოთ ენერგიული, შეამციროთ სტრესი, გახდეთ მეტად დავდაჯერებული და საერთო ჯამში გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.

პანდემიის პირობებში, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის დაცვით, უნდა ვივარჯიშოთ 3-4 დღე კვირაში, 30-50 წუთის განმავლობაში. არ გაგიკვირდეთ, რომ დროთა განმავლობაში თქვენმა სხეულმა მოგთხოვოთ მეტი სიხშირით დატვირთვა, რაც პროგრესის მაჩვენებელია. 

ამის გათვალისწინებით, შეგირჩიეთ სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები და სახალისო აქტივობები, რომელიც არ მოგცემთ სახლის პირობებში მოდუნების საშუალებას. ფიზიკური აქტივობების მრავალფეროვნება გაგიადვილებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარჯიშის ტიპი, რომ არ მოგბეზრდეთ და იყოთ მუდამ ფორმაში:

  • ფეხით სიარული პარკში, 5 000-დან 10 000 ნაბიჯამდე (4 კმ - 8 კმ). გაიყოლეთ წყალი და ჩაიცვით კომფორტულად, რომ ტანისამოსმა არ შეგბოჭოთ;
  • უარი თქვით ლიფტით სარგებლობაზე და იარეთ კიბეებზე მშვიდი ტემპით. გახსოვდეთ, რომ უნდა გაიმართოთ მხრებში და ისუნთქოთ თანაბრად, სუნთქვის შეკავების გარეშე;
  • ჩართეთ სახლში თქვენი საყვარელი სიმღერების კრებული და იცეკვეთ. მე და ჩემი შვილი - ანასტასია ასე ვაკეთებთ და ბოლო დროს დედაჩემი და ჩვენი კატაც კი ავიყოლიეთ. 30 წუთი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ინტენსიური დატვირთვა გამოგივიდეთ. ეცადეთ მუსიკა იყოს ენერგიული და აყვეთ მის ტემპს.
  • სახლში აქტიურად ეთამაშეთ ბავშვებს;
  • თუ მანქანით გადაადგილდებით, კვირაში ერთხელ შეეცადეთ ერთი დღე გაატაროთ მანქანის გარეშე. დაგეგმეთ მარშრუტი წინასწარ ძალიანაც, რომ არ დაიღალოთ, ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი და წინ!!!
  • YouTube ზე შეგიძლიათ მოიძიოთ 30 წუთიანი ვარჯიშები თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე.

გაითვალისწინეთ, ვარჯიშის დროს შეგიძლიათ  მიიღოთ იმდენი სითხე, რამდენსაც გთხოვთ ორგანიზმი. დილას ახალ გაღვიძებულზე შეეცადეთ ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშები შეასრულოთ, რადგან ორგანიზმს სჭირდება გამოსაფხიზლებლად დრო. ვარჯიშის დასრულებიდან დაძინებამდე უნდა იყოს გასული მინიმუმ 2 საათი, რომ ორგანიზმმა მოასწროს დამშვიდება და მოემზადოს ძილისთვის.

ვფიქრობ ეს რჩევები დასაწყისისთვის გამოგადგებათ.

მინდა "ნიკორასთან" ერთად გისურვოთ ჯანმრთელობა და კარგი განწყობა.

მომავალ შეხვედრამდე!

 

ქეთი ხატიაშვილი

ქეთი პროფესიონალი ტანმოვარჯიშეა. ის საქართველოს ჩემპიონია ტანვარჯიშში.

აქტიური სპორტისთვის თავის დანებების შემდეგ, იგი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის“ დამფუძნებელია, სადაც გოგონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ქეთი, ამავე დროს, აქტიური ბლოგერია და საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო ინფორმაციასა და თავის გამოცდილებას.

ყველაზე მეტად შვილთან ერთად ყოფნა სიამოვნებს, ასევე ძალიან უყვარს მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის, ტრადიციებისა და ღირსშესანიშნაობების შეცნობა.