ბლოგი
ცილები ბავშვთა კვებაში და ხორცი, როგორც სრულფასოვანი ცილების წყარო

ცილები ბავშვთა კვებაში და ხორცი, როგორც სრულფასოვანი ცილების წყარო

ხორცი

ცილები რთული ორგანული ნაერთებია, რომლებიც ამინომჟავებისაგან შესდგება.  მათ ნაწილს ჩვენი ორგანიზმი საჭიროებისას თავად ქმნის, მაგრამ არსებობს ცხრა განსაკუთრებული ამინომჟავა, რომლის წარმოქმნა მხოლოდ შესაბამისი საკვებიდან  არის შესაძლებელი. შეუცვლელი ამინომჟავების გარეშე ორგანიზმში უამრავი ფუნქცია დაირღვევა, რადგან ცილა წარმოადგენს მთავარ საშენ მასალას. იგი აუცილებელია ბავშვის ზრდაგანვითარებისთვის, ცილა ფერმენტია ამიტომ მასზეა დამოკიდებული ყველა ქიმიური რეაქცია. არც იმუნიტეტი არსებობს მის გარეშე, არც ჰემოგლობინი, რომელიც ცილის და რკინის ნაერთია და ჟანგბადის გადატანაში მონაწილეობს. და კიდევ, ორგანიზმი მას საჭიროებისამებრ, ენერგიის წყაროდაც იყენებს.

სწორედ ამიტომ ცილები ბავშვის საკვებ რაციონში ზრდა-განვითარების ყველა ეტაპზე უნდა იყოს ასაკის შესაბამისი რაოდენობით.

საუკეთესო საკვები ახალშობილისა  და ჩვილისთვის დედის რძეა, რომელსაც რამდენიმე საოცარი "საფირმო“ ნიშანი აქვს და ერთ-ერთი მათგანი სწორედ განსაკუთრებული ცილებია.

დედის რძის ცილები შეიცავს შეუცვლელი ამინომჟავების სრულ ნაკრებს,  რომელიც  პატარას გუნება-განწყობაზე მოქმედებს, უზრუნველყოფს მის მშვიდ ძილს და ბავშვის ზრდა-განვითარებას.

დედის რძე მდიდარია ადვილად გადამუშავებადი შრატის ცილებით, კაზეინი კი, რომლის მონელება ჩვილისათვის რთულია, დედის რძეში მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი და თანაც მასში კაზეინის მოლეკულები უფრო მცირე ზომისაა,  ვიდრე ძროხის რძეში. სწორედ ამიტომ დედის რძე ჩვილისათვის გაცილებით ადვილად მოსანელებელია, კუჭში ნაზ ფიფქებად ხაჭოვდება და სწრაფად გადადის ნაწლავებში.

მაგრამ 6 თვიდან, ჩვილის მოთხოვნილებას საკვებ ინგრედიენტებზე, მათ შორის ცილებზე, მხოლოდ დედის რძე ვეღარ უზრუნველყოფს, ამიტომ აუცილებლია დამატებითი კვების დაწყება. ცილის წყარო შეიძლება იყოს როგორც მცენარეული, ისე ცხოველური პროდუქტები.

ხორცი, ცილის უმთავრესი წყარო

ხორცი, ცილის უმთავრესი წყარო

სრულფასოვანი ცილის უმთავრესი წყარო ნებისმიერი სახის ხორცია, რომელიც სრულად შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს და ამიტომ ბავშვთა კვებისათვის ის აუცილებელ პროდუქტს წარმოადგენს. ხორცის დამატება კვებით რაციონში  6 თვის ასაკის შემდეგ  ხდება.

სრულყოფილი ცილების გარდა ხორცი B12 ვიტამინს და რკინას შეიცავს, რაც ანემიის პროფილაქტიკისათვის სჭირდება პატარას, რომლის ორგანიზმში დედისაგან ორსულობის დროს გადასული რკინის მარაგი 6 თვისათვის პრაქტიკულად ამოწურულია.

აი, დაახლოებით, რა რაოდენობის ხორცი უნდა მისცეთ ბავშვს მისთვის საჭირო ცილის მისაღებად: 7-8 თვის ასაკში -20 გრამამდე, 8-12 თვემდე - 40-50 გრ, 1-2 წელი-60-70 გრ, 2-3 წ -80-90 გრ, 3-5 წელი - 100 გრამი. 6-9 წ - 110-140 გრ, 10-13წ  -140-170 გრ, 14-17 წ - 200-220 გრ.

შეუცველელი ამინომჟავების მარაგისათვის სადილად ხორცი ან თევზი- ეს სრულფასოვანი ცილოვანი საკვები კვირაში 4-5-ჯერაა რეკომენდებული.

მცენარეული ცილების მიცემა პატარასათვის პარკოსნების - ლობიოს, ოსპის, ბარდის საშუალებით შეგიძლიათ. მცენარეული ცილებით მდიდარია ასევე ისპანახი, ქინოა, თხილეული და თესლეული.

1 წლის ასაკის ზემოთ ცილის მიცემა სხვადასხვა სახით შეგიძლიათ - საუზმედ მარცვლეულის ფაფას თხილეული ან თესლეული დაამატეთ, კვერცხი საუზმედ ასევე იქნება ცილის წყარო, ხემსად კარგი იდეაა, მაგალითად, ჰუმუსი უმი ბოსტნეულით, პერიოდულად კი პარკოსნებიც შესთავაზეთ. რაციონში, ხორცთან ერთდ, აუცილებლად შეიტანეთ რძე და რძის პროდუქტები, როგორც ცილის და კალციუმის საუკეთესო წყარო.

ჯანმრთელობას ვუსურვებ თქვენს პატარებს!

თამარ ობგაიძე - პედიატრი, მედიცინის დოქტორი, 30 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, ავერსის კლინიკათა ქსელის პედიატრიული სამსახურის უფროსი, არაერთი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ქვეყნის შიგნით და გარეთ, აქტიური ბლოგერი. ბლოგი - Dr.Tamar Obgaidze/პედიატრი თამარ ობგაიძე -  შექმილია ახალგაზრდა მშობლების დასახმარებლად. პროფესიული საქმიანობის პარალელურად, თამარ ობგაიძე პოეტური კრებულის ავტორია, განსაკუთრებით უყვარს ცეკვა, მისი ჰობია სამეჯლისო-სპორტული ცეკვები. თამარი 12 წელია ცეკვავს და ამბობს, რომ ცეკვა მისთვის უბრალოდ ფიზიკური აქტივობა კი არა, ემოციის გამოხატვის და დადებითი განწყობის საუკეთესო წყაროა.