ოკეანე
სწორი კვების რაციონი

სწორი კვების რაციონი

სწორი კვება ჯანმრთელობის საფუძველია.  საკვების შემადგენლობა, მისი თვისებები და რაოდენობა განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკურ ზრდა-განვითარებას, შრომისუნარიანობას, დაავადებათა სიხშირეს, ნერვულ-ფსიქიკურ მდგომარეობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას.

 

საკვები ნივთიერებები ჩვენს ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს მრავალფეროვანი. ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები… ოღონდ, საკმარისად და არა – გადაჭარბებულად, ასევე – სწორი პროპორციით. სწორედ  ბალანსი მათ შორის და რეგულარული ფიზიკური აქტივობა განსაზღვრავს ჩვენი ჯანმრთელობის ხარისხს, თავიდან აგვაცილებს ისეთ საშიშ დაავადებებს, როგორიცაა სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, ოსტეოპოროზი და სხვა.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და კვების ექსპერტების მიერ შემუშავებული იქნა ე.წ. "სწორი კვების პირამიდა“, რომელიც არაფერია თუ არა  ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების დაბალანსებული მიღება.

 

კვების პირამიდა რამდენიმე საფეხურისგან შედგება. საკვები, რომელიც ერთი და იმავე ტიპის ნუტრიენტებს შეიცავს, კვების პირამიდის ერთსა და იმავე საფეხურზეა თავმოყრილი. რაც უფრო ქვედა საფეხურზეა პროდუქტი, მით უფრო დიდი უნდა იყოს მისი წილი ჩვენს რაციონში, რაც უფრო ზედა საფეხურზე – მით უფრო მცირე.

კვების პირამიდა

კვების პირამიდა

პირამიდის პირველი და შესაბამისად, ყველაზე დიდი საფეხური ხილ-ბოსტნეულს უკავია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღიურ რაციონშიც უდიდესი წილი სწორედ ამ პროდუქტების უნდა იყოს. მნიშვნელოვანი და ამავე დროს რეკომენდებულია, ხილ- ბოსტნეული  იყოს სეზონური, რადგან ბუნება სწორედ სეზონურად გვთავაზობს პროდუქტებში იმ ნუტრიენტებს, რაც აუცილებელია ადამიანისთვის კონკრეტულ პერიოდში.

 

მომდევნო საფეხურზე, მარცვლეული და მისი ნაწარმია მოთავსებული – პური, ბურღული, მაკარონი... ამავე თაროზეა კარტოფილი, რომელიც ნახშირწყლების შემცველობით პურს უტოლდება. პურ-ბურღულეულის დღიური ოდენობა ბოსტნეულზე ნაკლები უნდა იყოს.

 

მესამე საფეხური რძის ნაწარმს უკავია, ასევე ხორცს, თევზს, კვერცხს, პარკოსნებს და თხილეულს - შედარებით დაბალი ცხიმის შემცველობის პროდუქტებს, რაც  სწორი კვების პრინციპების შენარჩუნებაში გვეხმარება.

 

ამას მოსდევს ცხიმების თარო, რომელზეც მოთავსებულია ზეთი (მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის და სხვა), კარაქი, სპრედი, მაიონეზი.

 

პირამიდის მწვერვალზე კი ტკბილეული, ნამცხვრები, კანფეტები, ჩიფსი,  ტკბილი გაზიანი სასმელები, მარილიანი ხემსი და, საზოგადოდ, ის პროდუქტებია წარმოდგენილი, რაც დიდი რაოდენობით არ უნდა მივიღოთ.

 

ნუტრიენტებისა და კალორიების საშუალო დღიური ნორმა შემუშავებულია, მაგრამ ის შეიძლება შეიცვალოს, დაზუსტდეს თითოეული ადამიანისთვის მისი ასაკის, სქესის, წონის, ფიზიკური აქტიურობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად.

 

"სწორი კვების რაციონის“ გარდა არსებობს რაციონალური კვების არაერთი თეორია. ცნობილია სეზონური კვების აღმოსავლური სისტემა, რომელიც სამი ათასი წლის წინათ წარმოიშვა. ამ სისტემის თანახმად, წელიწადის ცივ დროს საჭიროა მივირთვათ ქონი, ბეკონი, მკერდის ხორცი, ლობიო, ცერცვი, წიწიბურა, კარტოფილი. ზამთარშივე უნდა დავიწყოთ ზრუნვა გაზაფხულს ორგანიზმი გამოფიტული, რომ არ შეხვდეს. საამისოდ კარგია ცხარე სანელებლები - აჯიკა, წიწაკა, ნიორი. ნეიტრალურად მიიჩნევა მჟავე და მწარე საკვები.

 

რაც შეეხება ტკბილეულს უმჯობესია, თავი შევიკავოთ. ზამთარში,  დილაობით, კარგია ერთი სუფრის კოვზი თაფლი ცოტაოდენი შავი წიწაკით და ვერავითარი სიცივე და მიკრობი ვერ შეგაშინებთ!

 

ადამიანის განწყობა და გარეგნობა დამოკიდებულია, რას მივირთმევთ. დილაობით, შვრიის ფაფა სასარგებლოა არა მარტო კუჭისთვის, არამედ კანისთვისაც.  შვრიის ბურღული შეიცავს ვიტამინებს, ამინმჟავებს და H ვიტამინს (ბიოტინს), რომელიც პასუხს აგებს კანისა და თმის სილამაზეზე. განწყობილება კი ჰორმონ სეროტონინზეა დამოკიდებული. გაზაფხულზე და ზაფხულში სეროტონინის დონის ასაწევად მზის სხივებიც საკმარისია, ხოლო ზამთარში, როცა სინათლე ნაკლებია, კარგი განწყობილების დამატებითი წყაროები უნდა ვეძებოთ. მაგალითად, მწარე შოკოლადი, ბანანი. არსებობს სხვა ანტიოქსიდანტებიც - ცხიმიანი თევზი, ზეითუნის ზეთი.

 

ჯანსაღი კვების პრინციპები:

  • ეცადეთ, თქვენი დღიური რაციონი რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს
  • მიირთვით ბევრი ბოსტნეული და ხილი (უმჯობესია, სეზონური)
  • ზომიერად მიირთვით მარცვლეული
  • საშუალო რაოდენობით მიირთვით რძის, ხორცის ნაწარმი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები და თხილეული.
  • მცირე რაოდენობით მიიღეთ ცხიმი.
  • ძალიან ცოტა მიირთვით ტკბილეული.
  • მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე, უმჯობესია, წყალი.

 

სწორი კვების რაციონის პორციის განმარტება "კვების პირამიდაში“:

  • ერთი პორცია ხილი - 1 საშუალო ზომის (მუშტისოდენა), ½ ჭიქა დაჭრილი ან ¼ ჭიქა გამომშრალი ხილი
  • ერთი პორცია ბოსტნეული - ½ ჭიქა დაჭრილი უმი ან მომზადებული ბოსტნეული
  • ერთი პორცია მარცვლეული - უტოლდება 1 ნაჭერ ჭვავის პურს ან ½ ჭიქა მომზადებულ მარცვლეულს
  • ხორცის ნაწარმი მიირთვით 180გ-ზე ნაკლები დღეში.

 

ლაშა უჩავა

 

ლაშა უჩავა ექიმი-ენდოკრინოლოგია. 12 წელია მოღვაწეობს ენდოკრინოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში.
როგორც თანაორგანიზატორი და მომხსენებელი, მონაწილეობს მსოფლის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებში.
ყოველთვის გამოთქვამს მზაობას, ისაუბროს ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვაზე, რომლის ძირითადი პრინციპებია: ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სწორი ძილი.