ოკეანე
5 პროდუქტი, რომელთან ერთადაც თევზი არ უნდა მიირთვათ

5 პროდუქტი, რომელთან ერთადაც თევზი არ უნდა მიირთვათ

თევზი ჯანსაღი კვების შემადგენელი აუცილებელი ნაწილია. იგი სასარგებლო მინერალებითა და ვიტამინებით სავსე პროდუქტია, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.  სწორად შერჩეული კვების რაციონი კვირის განმავლობაში ორ სრულ პორცია თევზს უნდა შეიცავდეს.  აქედან ერთი პორცია ცხიმიანი თევზი უნდა იყოს. სასურველია, თევზი მიირთვათ დღის მთავარ კვებაზე, რომელიც ყველაზე ნოყიერი უნდა იყოს.

ცალსახაა, რომ თევზი განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტია, თუმცა მისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, აუცილებელია გარკვეული წესები დაიცვათ. ზოგადად, რამდენიმე ტიპის საკვების არევა და ერთად მირთმევა საყურადღებო საკითხია. სასურველია, ყოველთვის გაითვალისწინოთ, თუ რასთან რისი მიღებაა რეკომენდებული. თევზის შემთხვევაში კი ეს არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიც კი არის.

 

წარმოგიდგენთ 5 პროდუქტს, რომელთან ერთადაც თევზი არ უნდა მიირთვათ.

რძე

რძე

რძე ის პროდუქტია, რომლის მიღებაც თევზთან ერთად კატეგორიულად აკრძალულია. მათი ერთდროულად მიღება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს იწვევს. რძეც და თევზიც პროტეინებით მდიდარი პროდუქტებია. თუმცა მათი გადამუშავება საჭმლის მომნელებელ სისტემაში განსხვავებულ პროცესებთან არის დაკავშირებული, რაც გადამუშავების პროცესს ართულებს, აფერხებს და პრობლემებს იწვევს. აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ მონელების პროცესზე, არამედ იმუნურ სისტემაზეც.

სოკო

სოკო

თევზის მიღება არ შეიძლება სოკოსთან ერთად. თევზისა და სოკოს კომბინირებულად  მიღების შემდეგ აუცილებლად იგრძნობთ სიმძიმეს მუცლის არეში, რიგ შემთხვევაში - მოთენთილობასაც. კუჭის პრობლემების არსებობის დროს კი აღნიშნული კომბინაცია მათ გართულებას იწვევს. სოკოს მიღება განსაკუთრებით არარეკომენდებულია ცხიმიან თევზთან, მაგალითად, სკუმბრიასა და ორაგულთან ერთად.

 

პარკოსნები

თევზის პარკოსნებთან კომბინაცია არარეკომენდებულია ნუტრიციოლოგების მიერ. მათი ერთად მიღება იწვევს სიმძიმის შეგრძნებას. გარდა ამისა, პარკოსნები ხელს უშლიან ცილის შეწოვას, თევზი კი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს.

 

ტკბილი, გაზიანი სასმელები

ნებისმიერ ტკბილი საკვები ცილოვან საკვებთან ერთად კუჭში მოხვედრისას დუღილის პროცესს იწვევს. ხოლო როდესაც პროდუქტი ტკბილთან ერთად გაზიანიცაა, ეს პროცესი უფრო ძლიერდება. შედეგად ვიღებთ მუცლის შებერილობას, კუჭში სიმძიმის შეგრძნებას და მეტეორიზმს.

 

სხვადასხვა სახეობის ხილი

თევზის შემდეგ დაუშვებელია მსხლის, ყურძნის, ვაშლისა და საზამთროს მიღება. მათ მონელებას სხვადასხვა დრო სჭირდებათ და საბოლოოდ, საჭმლის მომნელებელ სისტემაში პროცესების არევა ხდება.

აქვე გირჩევთ, რომ თევზეული C ვიტამინის შემცველ პროდუქტთან ერთად მიირთვათ. განსაკუთრებით კარგია ლიმონი, რომელიც ორგანიზმში ომეგა 3-ის ფუნქციებს აძლიერებს. ამიტომ თევზის კერძებთან ერთად რეკომენდებულია როგორც ცალკე ლიმონი, ისე ლიმონიანი წყალი ან ლიმონის წვენით უხვად შეზავებული სალათები.