Ge | En |
ნატალია ლუჩანინოვა. საკვირაო სკოლა "რებუსის" დამფუძნებელი.
ახლავე ყველაფერს აგიხსნით. ეს არის ისტორია საოცარ და მშვენიერ საქმიან დიასახლისზე. ამ ისტორიის მთავარი გმირების გასაცნობად სპეციალური ლექსიკონი უნდა მოვიშველიოთ.
მაშ ასე, ჩვენი ისტორიის მთავარი გმირები:
ნატალია ლუჩანინოვა, რომლის რეალური ცხოვრება ზუსტად ისეთივეა, როგორიც მისი ინსტაგრამი. აი, ისეთი, ამ ფოტოებშიც რომ ხედავთ. პინგუ და კვატი მისი გამოგონილი ჰეშთეგებია: პინგუ, ბოდიში მოგვითხოვია და, მისი მეუღლე, გიორგი მარია, ხოლო კვატი, თავად ნატალია, რომელიც სრულიად არ წააგავს კვატს. ოჯახში მათ გარდა კიდევ ორი შვილია, უფროსი ნინა და უმცროსი ალექსანდრე. სამზარეულო გემოვნებიანი ფერებით და ატრიბუტიკითაა გაწყობილი. ის მათი ახალი სახლის მთავარი და მნიშვნელოვანი შემადგენელია. აქ მოხდება "სითის" მთავარი ისტორიის გადაღება. აი, "ალექსა" კი, გახლავთ ჭკვიანი საათი, სიამოვნებით რომ ასრულებს ოჯახის დიასახლისის სურვილებსა და ბრძანებებს: ხან ამინდს შეატყობინებს და ხანაც კერძის მოსამზადებლად საჭირო დროს მოუნიშნავს. ისტორიის კიდევ ერთი მთავარი გმირი, "ნიკორას" ცნობილი და პოპულარული სოსისი "ივერიაა". სწორედ "ივერიას" საქონლის სოსისით უნდა მომზადდეს ბავშვებისთვის და გვერდით ოთახში დისტანციურად მომუშავე მეუღლისთვის ახალი კერძი - ფენოვან ცომში გახვეული სოსისები პარმეზანითა და სეზამის მარცვლებით.
"ნიკორას" სოსისი ფენოვან ცომში
დაგვჭირდება "ნიკორას" სოსისი. სასურველია მოგრძო ფორმის, მარტივად რომ შემოვახვიოთ ფენოვანი ცომი. სხვათა შორის, "ნიკორას" მაღაზიათა ქსელშივე შეგვიძლია ვიყიდოთ "პანეს" ფირმის მზა ფენოვანი ცომი. მას წინასწარ ვიღებთ მაცივრიდან და ვალღობთ ოთახის ტემპერატურამდე. ვხარშავთ სოსისს. ადუღებიდან კიდევ 7 წუთს ვტოვებთ წყალში. შემდეგ ვიღებთ და ვაგრილებთ. ფენოვან ცომს ვჭრით წვრილ ზოლებად, (მათი სიგანე დაახლოებით 4-5 სმ უნდა იყოს) და დიაგონალზე ვახვევთ სოსისებს. პატარა ჯამში უკვე გვაქვს გამზადებული ათქვეფილი კვერცხი, რომელსაც ფუნჯით ვუსვამთ ცომშემოხვეულ სოსისებს. შემდეგ, სურვილისამებრ, ვაყრით იმას, რაც გვიყვარს. ჩვენს შემთხვევაში ეს გახლავთ სეზამის მარცვლები და დახეხილი პარმეზანი. გადახვეულ და სეზამმოყრილ სოსისებს ვათავსებთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხობთ 20 წუთის განმავლობაში. ანალოგიური კერძის მომზადება შეგვიძლია ბეკონის დამატებით. მას შემოვახვევთ სოსისს და კერძი კიდევ უფრო გემრიელი და ნოყიერი გახდება.
ნატალია და სამზარეულო
ნატალია საკვირაო სკოლა "რებუსის" დამფუძნებელია. სკოლამდე ძალიან ბევრ საინტერესო პროექტში იყო დაკავებული. საქმიანი გოგოა, ერთი სიტყვით. სამზარეულოსთან ის, არც მეტი არც ნაკლები, კოვიდმა დაამეგობრა:
- მე და სამზარეულო დავმეგობრდით პირველი "ლოქდაუნის" დროს. სხვა გამოსავალი არ მქონდა. ძიძა, რომელიც ჩვენთან იყო, ვეღარ ივლიდა სახლში. ამდენად, ყველაფერი, რაც სახლს ეხებოდა, მე უნდა ამეღო საკუთარ თავზე. თან მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რით და როგორ იკვებება ჩემი ოჯახი. დაიწყო ყველაფერი წიგნების გადმოღებით და, რასაკვირველია, დედასთან გაუთავებელი ზარებით. ხშირად მასთან ვიდეო-კითხვითაც დამირეკავს "ფეისთაიმით", მაგალითად, ხორცი ხომ ნამდვილად მოიხარშა? დამეხმარა ისიც, რომ ახალი გადმოსულები ვიყავით ამ სახლში. ეს სამზარეულო თავიდან ბოლომდე ჩემი მოფიქრებულია, დიზაინიდან დაყწებული, ჭურჭლითა და ჩამჩით დასრულებული. ნელ-ნელა პროცესი სახალისოც გახდა. ყველაზე დიდი მოტივაცია კი, ბავშვების და გიორგის გაკვირვებული ოვაციები იყო. სხვათა შორის,
- "ნიკორას" სოსისების ეს რეცეპტიც, მისი სხვადასხვა ვარიაციით, სწორედ "ლოქდაუნის" პერიოდში შეიქმნა.
ნატალია და "ალექსა"
"ალექსას" გარეშე ვერც ეს სამზარეულო წარმომიდგენია და ვერც კერძების მომზადება. ჭკვიანი საათია. მაგალითისთვის: ორივე ხელი რომ გაქვს დაკავებული, უცებ გასცემ სიტყვიერ ბრძანებას და ის ზუსტად გატყობინებს, რომ საჭმლის მოსამზადებლად დათქმული დრო უკვე გავიდა. ისევე როგორც დღეს, "ნიკორას" ფენოვანი სოსისების მომზადებისას.
ნატალია და ოჯახის კვების განრიგი
ვსაუზმობთ ყოველთვის ერთად და დღის ეს მომენტი ყველაზე ძალიან მიყვარს. ერთმანეთს ვუზიარებთ სიზმრებს, დღის გეგმებს . . . კვების რაციონი მე და გიორგის ერთნაირი გვაქვს, ბავშვებს - ოდნავ განსხვავებული. სადილად ვერ ვემთხვევით ერთმანეთს. ძირითადად მე ველოდები გიორგის, რომ მასთან ერთად ვისადილო. ბავშვების კვების მთვარი პრინციპი ასეთია: მათ უნდა იკვებონ დღეში ოთხჯერ, პატარა ულუფებით. ცალკე კვებაა ხილი. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს ახალი და იმ დღეს მომზადებული.
ნატალია და კოვიდრეალიები
მთავარი, რასაც პანდემიის დროს მივხვდი ისაა, რომ ამ ყველაფრის გადატანა ოჯახის, ბავშვების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. ამ სიცარიელეს, ალბათ, ვერანაირი წიგნი და სერიალი ვერ შემივსებდა. ბავშვებს განსაკუთრებული ხალისი შემოჰქონდათ. გამოვიწერეთ ბევრი სამაგიდო თამაში და ყოველ საღამოს ვთამაშობდით. ვაწყობდით ფილმების საღამოებს. თუ საშუალება იყო, ერთად ვსეირნობდით გარეთ. გამიჭირდა მეგობრების გარეშე. ვცდილობდით ერთად ყოფნის იმიტაციის შექმნას ვიდეო ზარებით, მაგრამ მაინც არ გამოდიოდა, ძალიან გვენატრებოდა ერთმანეთი. ასევე, ძალიან დამაკლდა ჩვენი მოგზაურობები.
ოჯახმა როგორ გადალახეთ კოვიდი?
მეგობრების და ახლობლების გვერდში დგომით. უკლებლივ ყველა ჩვენი მეგობარი ისე დაგვიდგა გვერდში, რომ მისი გადატანა ათმაგად იოლი იყო. სახლის კარი მართლაც არ იკეტებოდა: გვიგზავნიდნენ სხვადასხვა კერძს, ხილს, დესერტებს თუ ათასგვარ გასართობ სათამაშოს, ბავშვებს და ჩვენ რომ არ მოგვეწყინა. სწორედ ამ უზარმაზარი თანადგომის გამო, ეს პერიოდი მაინც ძალიან ტკბილად მომაგონდება. ტელეფონს, ალბათ, დღეში ხუთჯერ ვტენიდი. უამრავი მესიჯი და სატელეფონო ზარი შემოდიოდა. შედარებით იოლად გადავიტანეთ. შეიძლება ეს იმანაც განაპირობა, რომ შტამი, რომელიც შეგვხვდა, არ იყო ძლიერი და ჩვენ შევძელით მასთან იოლად გამკლავება სახლის პირობებში.
მთავარი რჩევა ნატალიასგან
არ უნდა გეშინოდეთ ამ ვირუსის, რადგან მთავარი ისაა, როგორ შეხვდება ადამიანი პრობლემას. კოვიდი კი პრობლემაა, ხოლო მასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ნეგატიურია. არ უნდა შეშინდეთ და მედგრად დახვდეთ. ვასრულებდით ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ექიმები გვაძლევდნენ და არ მოვდუნდით იმის გამო, რომ ჩვენ იოლი ფორმის კოვიდი შეგვხვდა. ვსვამდით დიდი რაოდენობით წყალს და სულ ვმოძრაობდით. არ ვიყავით ჩაწოლილები სავარძლებსა თუ ლოგინებში. ფილმების ყურებისას თუ თამაშისას უცებ წამოვხტებოდით და, მაგალითად, ბუქნებს ვაკეთებდით, დავრბოდით. ეს სულ გვახსოვდა. წყალთან და აქტიურ მოძრაობასთან ერთად, ვბერავდით ბუშტებსაც. უკვე ღიმილით ასრულებს მისი და მისი ოჯახის კოვიდისტორიას ნატალია ლუჩანინოვა. მისი უგემრიელესი, ფენოვან ცომში გამოცხობილი "ნიკორას" სოსისები, ლამაზად გაწყობილ მაგიდაზე დევს. კამერა ირთვება, ორი-სამი კადრი, და ლამის იდილიურ ლანჩს (სრულიად იდილიური, ალბათ, ფოტოკამერებისა და ჟურნალისტების გარეშე იქნებოდა) პინგუ, კვატი, ნინა და ალექსანდრე კვლავ ერთად მიუსხდებიან.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |