სიახლეები
ნუგეშის ქსელი ნიკორას მფლობელობაში გადავიდა

ნუგეშის ქსელი ნიკორას მფლობელობაში გადავიდა

30 სექ. 2015

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია "ნიკორა ტრეიდი" "ნუგეშის" 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. 

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, "ნუგეშის" 60%-იანი წილის მფლობელი აკაკი ახვლედიანი სს "ნიკორას" აქციონერი გახდა. დანარჩენი 40% კი "ნიკორამ" შედარებით მცირე წილის მქონე დამფუძნებლებისგან 6 544 500 ლარად გამოისყიდა.
 
"ჩვენი კომპანია ოპერირებს სამი სავაჭრო ბრენდით. ეს არის "ნიკორა სუპერმარკეტი", "ნუგეში" და "ლიბრე". მიმდინარე მომენტისთვის, არც უახლოეს მომავალში, ჩვენ არანაირ ცვლილებებს არ ვგეგმავთ, სამივე ბრენდს მიეცემა საშუალება, რომ თანაბრად განვითარდეს. ძალიან აქტიურად ვგეგმავთ სავაჭრო ობიეტების დამატებას, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებსა და მსხვილ რაიონულ ცენტრებში. შესაბამისად, სამივე ბრენდს საშუალება ექნება თავიანთი სავაჭრო წერტილები გაზარდონ", - აღნიშნავს "ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორი, დავით ურუშაძემ.
 
"ნუგეშის" ქსელისთვის დამახასიათებელი დაბალი ფასები შენარჩუნებული იქნება. დასაქმებული პერსონალი კი მუშაობას ჩვეულებისამებრ განაგრძობს.

ამჟამად, "ნიკორა ტრეიდი" 500-ზე მეტი საკუთარი წარმოების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, თანამშრომლების რიცხვი კი 4000-ს აღწევს. ამასთან, 2009 წელს ჰოლდინგში 1377 ადამიანი იყო დასაქმებული, 2015 წლის მაისში 3100, ხოლო მაისიდან სექტემბრამდე ეს რიცხვი 700 ერთეულით გაიზარდა. რაც შეეხება კომპანიის მიერ ბიუჯეტში შეტანილ თახას, 2014 წელს კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში 25 600 000 ლარი შეიტანა.
 
უშუალოდ "ნიკორა ტრეიდი" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელით - 203 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. აქედან 63 "ნუგეშის" ჯიხური, 24 კი "ნუგეშის" სუპერმარკეტია.