Ge | En |
წითელი თევზი, თეთრი თევზი, ვარდისფერი თევზი - თევზის ხორცი სხვადასხვა ფერის არსებობს და ეს სხვაობა ძირითადად დამოკიდებულია მის სახეობაზე. თუმცა ერთი და იმავე სახეობის თევზიც შეიძლება შეგხვდეთ განსხვავებული ფერით. ამ დროს მომხმარებელი ხშირად იბნევა და არ იცის, განსხვავებული ფერი რას ნიშნავს.
ჩვენი ტექნოლოგი ლევან თომაშვილი განმარტავს, სახეობის გარდა, თევზის ფერის განმსაზღვრელი კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს. ესენია: არეალი, თუ სად ბინადრობს თევზი, საკვები, რომლითაც იკვებება და სქესი. ტექნოლოგი დეტალურად გვესაუბრება, თევზის ფერთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე.
თევზის ხორცის შეფერილობა არ არის დაკავშირებული მის ხარისხთან. თითოეული სახეობის თევზს კონკრეტული ფერის ხორცი აქვს. თუმცა შესაძლებელია შეგვხვდეს შედარებით ღია ან მუქი ფერის ხორცი.
თევზი ასაკის მატებასთან ერთად იცვლის ფერს თეთრიდან (ვერცხლისფრიდან) მუქ რუხამდე (შავამდე) ზურგის მხარეს. 2 თანაბარი ზომის თევზიც შეიძლება იყოს განსხვავებული შეფერილობის, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ასაკით განსხვავებული იქნებიან. მაგალითად, ერთი 6 თვის და მეორე 1 წლის, თუმცა მასით ერთი და იგივე იქნება.
მარტივად რომ ვთქვათ, თევზის მუქი ფერი განსაზღვრავს თევზის ასაკს. შეფერილობა ასაკთან ერთად უფრო მუქი ხდება. ამავდროულად, ასაკის მატებასთან ერთად იმატებს ხორცის მასა და მისი ცხიმიანობა. ამიტომ სიმართლეა, რომ რაც უფრო მუქი და შესაბამისად დიდია თევზი, მით უფრო გემრიელია ის.
ზოგიერთი სახეობის თევზში, მაგალითად, ორაგულში ფერის მიხედვით ადვილად განსხვავდება მდედრი და მამრი. მამრი ორაგული შედარებით უფრო მუქი შეფერილობისაა, ვიდრე მდედრი.
ფერი და აქტივობის დონე
თევზის ფერის განმსაზღვრელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მისი აქტიურობის დონე. ეს დაკავშირებულია მასში არსებულ პროტეინთან, სახელად მიოგლობინთან. მიოგლობინი მომუშავე კუნთს უზრუნველყოფს ჟანგბადის ერთგვარი მარაგით. რაც უფრო აქტიურია თევზი, მით მეტი ჟანგბადი, შესაბამისად მიოგლობინი სჭირდება. შედარებით პასიურ თევზებს ფარფლებისა და კუდის მიმდებარედ ხორცი უფრო მუქი აქვთ, რადგან ისინი მათი სხეულის ყველაზე აქტიური ნაწილია. ორაგულსა და თინუსს კი, რომლებიც ოკეანეების ღრმა წყლებში ბინადრობენ, წითელი ხორცი აქვთ.
ადამიანებზე ხშირად ამბობენ, რომ ისე გამოიყურება, როგორც იკვებება. ასეა თევზის შემთხვევაშიც. მაგალითად, ორაგულს ვარდისფერი და წითელი შეფერილობა იმიტომ აქვთ, რომ კრევეტებსა და კრილს მიირთმევენ. ისინი კი შეიცავენ მოწითალო-მონარინჯისფრო პიგმენტს სახელად კაროტინოიდს. ორაგული რა რაოდენობითაც ამ საკვებს მიირთმევს, იმდენად მუქია მისი ფერი. რაც შეეხება თევზსაშენებში გაზრდილ ორაგულებს, რომლებსაც კრევეტებისა და კრილის მირთმევის საშუალება არ აქვთ, მათ საკვებში ურევენ კაროტინოიდი ასტაქსანტინს, რომელიც ამავდროულად კარგი ანტიოქსიდანტია.
ფერი და ხორცის ტემპერატურა
თევზის ხორცი ფერს იცვლის მისი შენახვის პირობების შესაბამისადაც. მაგალითად, გაყინული თევზი, მათ შორის, ორაგული და თინუსიც, უფერულდება. ამიტომ თუ შედარებით ღია ფერის, გაყინული თევზი შემოგხვდეთ დახლზე, არ იფიქროთ რომ ის ცუდი ხარისხისაა.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |