დღის პროდუქტები
როგორ ვკვებოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვი

როგორ ვკვებოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვი

ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის, დაავადებათა ადრეული პროფილაქტიკისათვის სწორი კვება უმნიშვნელოვანესია.  

ბავშვები სწრაფად იზრდებიან და ბევრს მოძრაობენ, ამიტომ ასაკის შესაბამისი  ენერგია (კალორიები) სჭირდებათ. მათი კუჭის მოცულობა პატარაა და იმისთვის, რომ საჭირო ენერგია მიიღონ, მრავალფეროვანი საკვების რეგულარული მიღებაა საჭირო. 

 

რამდენი კილოკალორია ენერგია სჭირდებათ ბავშვებს

 

2-3 წლის ასაკისათვის -1000 კკალ სქესის და ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად.

4-8 წლამდე ასაკში - არააქტიური ცხოივრების წესის ბავშვს 1200-1400 კკალ ენერგია სჭირდება, ზომიერი აქტივობის დროს - 1400-1600 კკალ, ხოლო მაღალი ფიზიკური დატვირთვებისას გოგონები- 1400-1800 კკალ, ხოლო ვაჟები - 1600-2000 კკალ ენერგიას საჭიროებენ.

 

სკოლამდელ ასაკში კვების ძირითადი პრინციპები ასეთია:

 

კერძების მოსამზადებლად გამოიყენეთ დაბალი ცხიმიანობის პროდუქტები.

შეზღუდეთ ტკბილეული. ნუ მისცემთ მას, როგორც ჯილდოს სასურველი საკვების მიღების შემდეგ.

გამოიყენეთ იოდირებული მარილის მცირე რაოდენობა.

ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, რაციონში შეიტანეთ მთლიანი მარცვალი - მაგალითად, ცეხვილი ხორბლის პური, მთელმარცვლოვანი ფაფები.

წყურვილის შემთხვევაში უნდა მისცეთ წყალი და არა გაზიანი, ტკბილი სასმელები და წვენები. ენერგეტიკული და სპორტული სასმელები ბავშვებისათვის რეკომენდებული არ არის.  ნუ მისცემთ ყავას 13-14 წლამდე.

არ დააძალოთ საკვები და არ გამოიყენოთ კვების წასახალისებლად ეკრანი.

აი, ყოველდღიურად მისაღები პროდუქტების 4 ჯგუფი:

  1. სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული;
  2. პურეული და მარცვლეული;
  3. რძე და რძის ნაწარმი;
  4. მჭლე ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, თხილეული, თესლეული.

სკოლამდელი ასაკის ბავშვისათვის რეკომენდებულია დღეში სამჯერადი კვება და ორი წახემსება დღის ერთსა და იმავე პერიოდებში. გაითვალისწინეთ, რომ კვების საერთო ჯერადობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს დღეში ექვსს. მუდმივი ჭამა არ არის რეკომენდებული.

 

როგორ გავანაწილოთ საკვები პროდუქტები დღის მანძილზე

 

ხშირად პატარები უარს ამბობენ დილით კვებაზე, რასაც საუზმის გადავადება მოჰყვება. ეს კი უარყოფითად აისახება მათ ქცევაზე, კოგნიტურ უნარებზე, კვებით ჩვევებზე. მით უმეტეს, რომ საუზმიდან ბავშვმა  დღიური ენერგიის დაახლოებით 16-20% უნდა მიიღოს.  

საუზმედ იდეალურია ბურღულის ფაფა, რძე, კვერცხი, ხილი. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, ნაკლებად ტკბილი ჯემი. არ არის რეკომენდებული ისეთი საკვების რეგულარული გამოყენება, როგორიცაა ფუნთუშეული, შოკოლადი, კრემიანი ან შოკოლადიანი ნამცხვრები და სხვა ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც 15%-ზე მეტ ცხიმს შეიცავს.  ასეთი პროდუქტები შეგიძლიათ 3-4-ჯერ გამოიყენოთ 20 დღეში ერთხელ.

სადილის თეფში უფრო მრავალფეროვანი უნდა იყოს - რაციონში შეიტანეთ ბოსტნეული სალათის ან წვნიანის სახით, პური, უშაქარო ორცხობილა ან მჭადი. აუცილებელია ცილის შემცველ პროდუქტებზე მომზადებული კერძი (თევზი, ხორცი, კვერცხი), რძის პროდუქტები (ყველი, ნადუღი),  გარნირად შეგიძლიათ პარკოსნები, ბოსტნეული ან ბურღულელი მიართვათ.  ბავშვებს ხილი შეგიძლიათ მისცეთ, როგორც ცოცხალი, ისე თერმულად დამუშავებული სახით, თუმცა ის არაა აუცილებელი უშუალოდ სადილის შემადგენელი ნაწილი იყოს - შეგიძლიათ წასახემსებლადაც შესთავაზოთ.

ვახშამი კვების მნიშვნელოვანი კომპონენტია, და არა მარტო თავისი კვებითი ღირებულებით, არამედ ოჯახთან ერთად საკვების მიღების ჩვევის ჩამოსაყალიბებლად. საღამო ხომ ის დროა, როცა ერთად ვიკრიბებით.

უმჯობესია ბავშვს ვახშამი დაძინებამდე 1,5-2 საათით ადრე მისცეთ. შეგიძლიათ შესთავაზოთ რძე  ან მისი პროდუქტები - ხაჭო, მაწონი, ყველი, როგორც ნატურალური სახით, ისე მისგან მომზადებული კერძები, მაგალითად: ხაჭოს მობრაწულა, მაწონი ან 1 ჭიქა რძე ორცხობილით, გამომცხვარი ხილი ბურღულეულთან ერთად.

და რაც მთავარია, მიეცით მაგალითი თქვენი კვების წესით - თუ თავად ჯანსაღი პროდუქტებით იკვებებით, პატარებიც ადრეული ასაკიდან სწავლობენ მათ სიყვარულს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

 

თამარ ობგაიძე

 

თამარ ობგაიძე - პედიატრი, მედიცინის დოქტორი, 30 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, ავერსის კლინიკათა ქსელის პედიატრიული სამსახურის უფროსი, არაერთი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ქვეყნის შიგნით და გარეთ, აქტიური ბლოგერი. ბლოგი - Dr.Tamar Obgaidze/პედიატრი თამარ ობგაიძე -  შექმილია ახალგაზრდა მშობლების დასახმარებლად. პროფესიული საქმიანობის პარალელურად, თამარ ობგაიძე პოეტური კრებულის ავტორია, განსაკუთრებით უყვარს ცეკვა, მისი ჰობია სამეჯლისო-სპორტული ცეკვები. თამარი 12 წელია ცეკვავს და ამბობს, რომ ცეკვა მისთვის უბრალოდ ფიზიკური აქტივობა კი არა, ემოციის გამოხატვის და დადებითი განწყობის საუკეთესო წყაროა.