დღის პროდუქტები
რა არის რკინადეფიციტური ანემია და როგორ დავიცვათ მისგან ბავშვი

რა არის რკინადეფიციტური ანემია და როგორ დავიცვათ მისგან ბავშვი

რისთვის გვჭირდება რკინა?

 

ის ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის და, შესაბამისად, ჟანგბადის გადატანას უზრუნველყოფს. მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა სასიცოცხლო რეაქციაში და მას პრაქტიკულად ყველა ორგანო მოიხმარს.  

ადამიანის ორგანიზმში 4-5 გრამი რკინაა, რომლის ნაწილი სისხლის წითელ ბურთულებში -  ერითროციტებში არსებულ ჰემოგლობინის შემადგენლობაშია, მცირე ნაწილი სისხლში მოძრაობს და შრატის რკინა ჰქვია, ხოლო გარკვეული ნაწილი კი მარაგის სახით ღვიძლსა და ელენთაში ინახება.

 

რა იწვევს რკინის დეფიციტს

 

მთავარი მიზეზები საკვებთან ერთად რკინის მიწოდების დარღვევა, სისხლდენები ან სულაც კუჭ-ნაწლავიდან მისი შეწოვის დარღვევაა. რკინის დეფიციტი ბავშვებში ტყვიით მოწამვლის დროსაც ვითარდება.

 

როგორ ვლინდება

 

საკვებში რკინის დეფიციტის ან მისი ათვისების დაქვეითების შემთხვევაში ორგანიზმში არსებული მარაგი თანდათან იხარჯება და ვითარდება რკინის ფარული ნაკლებობა. ამ დროს სისხლში ჰემოგლობინი ჯერ კიდევ ნორმალურია.

რკინის ფარული ნაკლებობიდან ანემიამდე (ჰემოგლობინის და/ან ერითროციტების დეფიციტი) სულ ერთი ნაბიჯია - რკინის რაოდენობა სულ უფრო მცირდება სისხლში, ღვიძლსა და ელენთაში   და ბოლოს რკინადეფიციტური ანემიაც ვითარდება.

რკინის დეფიციტის განსაკუთრებულად მაღალი რისკი აქვთ ბავშვებს ადრეულ და სასკოლო ასაკში, ასევე ორსულ ქალებს.

 

აი, იმ ნიშნების ჩამონათვალი, რომელთა არსებობა რკინის ნაკლებობაზე დაგვაეჭვებს:

  • კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე ან მოყვითალო შეფერვა;
  • კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა;
  • გამოხატული სისუსტე, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი;
  • გულისცემის აჩქარება;
  • შესაძლოა გამოვლინდეს მადის გაუკუღმართება, მაგალითად, მიდრეკილება მიწის ჭამისაკენ;
  • ხშირი ავადობა სხვადასხვა ინფექციით;
  • ბავშვის  ზრდა-განვითარების ჩამორჩენა;

 

სად ვეძებოთ რკინა და რა უშლის ხელს მის ათვისებას

 

რაციონალური კვების გარეშე რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა ან მკურნალობა შეუძლებელია.

არჩევენ ორი ტიპის რკინას - ჰემურს, რომელსაც ხორცი, თევზი და მოლუსკები შეიცავს და არაჰემურს - მისი რაოდენობა დიდია კანიანად გამომცხვარ კარტოფილში, ისპანახში, ლიბიოში, ოსპში. არაჰემურ რკინას შეიცავს ასევე ბევრი ბოსტნეული და ხილი.

ჰემური რკინა გაცილებით ადვილად აითვისება, ვიდრე არაჰემური. ამიტომ ხორცის პროდუქტების მიღება ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რკინის შეწოვას ხელს უწყობს C ვიტამინი, რომელიც უხვადაა ხილსა და ბოსტნეულში.

რკინას "მტრებიც“ ჰყავს -  ჩაი, ყავა, კაკაო, ტანინის შემცველი ღვინო, ქერი, სანელებლები, ასევე კალციუმის შემცველი საკვები - რძე და რძის პროდუქტები. გახსოვდეთ, რომ რკინისშემცველ საკვებს მიყოლებული 1 ჭიქა ჩაი ან ყავა ნაწლავებში რკინის შეწოვას დაახლოებით 11%-ით აქვეითებს!

რკინის ნაკლებობის პროფილაქტიკა უფრო ადვილია!

ბავშვებში 4 თვიდან, განსაკუთრებით ძუძუთი კვებისას, მნიშვნელოვანია რკინის საპროფილაქტიკო დოზით დამატება. აუცილებელია დამატებითი კვების დროულად დაწყება.

დღენაკლულ ახალშობილებში რკინის პრეპარატის დროულ დანიშვნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ნაყოფის ორგანიზმში რკინის მარაგის შექმნა მუცლადყოფნის პერიოდის ბოლო თვეებში ხდება. სწორედ ამიტომ დღენაკლულ ჩვილებში სწრაფად  ვითარდება რკინადეფიციტური ანემია.

ბავშვებს 1 წლამდე არ მისცეთ  ძროხის  ნატურალური რძე, რადგან რძის ცილაზე შესაძლო ალერგიის რისკის გარდა, რძეში არსებული დიდი რაოდენობით კალციუმი ხელს უშლის რკინის შეწოვას.

 

თუ მკურნალობა დაგჭირდათ

 

აუცილებელია რკინის პრეპარატის სამკურნალო დოზით მიღება. ზუსტად უნდა მიჰყვეთ ექიმის დანიშნულებას და არ გამოტოვოთ  დოზა. ჰემოგლობინის ნორმალიზება არ ნიშნავს, რომ  რკინის პრეპარატის მიღება  თვითნებურად  შეწყვიტოთ. ის კიდევ 2-3 თვე უნდა  მიიღოთ,  რათა ორგანიზმი სრულად გაჯერდეს რკინით.

 

 

თამარ ობგაიძე

თამარ ობგაიძე - პედიატრი, მედიცინის დოქტორი, 30 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, ავერსის კლინიკათა ქსელის პედიატრიული სამსახურის უფროსი, არაერთი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ქვეყნის შიგნით და გარეთ, აქტიური ბლოგერი. ბლოგი - Dr.Tamar Obgaidze/პედიატრი თამარ ობგაიძე -  შექმილია ახალგაზრდა მშობლების დასახმარებლად. პროფესიული საქმიანობის პარალელურად, თამარ ობგაიძე პოეტური კრებულის ავტორია, განსაკუთრებით უყვარს ცეკვა, მისი ჰობია სამეჯლისო-სპორტული ცეკვები. თამარი 12 წელია ცეკვავს და ამბობს, რომ ცეკვა მისთვის უბრალოდ ფიზიკური აქტივობა კი არა, ემოციის გამოხატვის და დადებითი განწყობის საუკეთესო წყაროა.