ოკეანე
პროდუქტები, რომლებიც ამცირებენ მადას

პროდუქტები, რომლებიც ამცირებენ მადას

რაც უფრო მეტს ვჭამთ, მით უფრო  მეტად გამოიმუშავებს ადამიანის ორგანიზმი ინსულინის ჰორმონს, რომელიც  მადას უფრო მეტად აღვივებს და  შესაბამისად, მოთხოვნილებას საკვებისადმი ზრდის.

 

ორგანიზმში, ინსულინის დასაქვეითებლად  ქიმიური პრეპარატები გამოიყენება,  თუმცა არსებობს ინსულინის დონის შემამცირებელი ბუნებრივი საშუალებები, რაც თავისთავად, მადის დაქვეითებაზეც მოქმედებს. ასეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი საშუალებაა დარიჩინი, რომელსაც ინსულინის  გამომუშავების შემცირებასთან ერთად ბევრი სხვა დადებითი თვისება აქვს. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზას, რაც ხელს უწყობს კუჭნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას, აქვეითებს ქოლესტერინს,  სისხლში შაქრის დონეს,  ხელს უშლის ცხიმის წარმოქმნას, ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიც არის ინფარქტი, ინსულტი და დადებითად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე.

 

საინტერესოა რა ფორმით უნდა მივიღოთ დარიჩინი: ჩხირები ჩაიში ჩავაგდოთ, თუ დაფქვილი ამა თუ იმ საკვებს მოვაყაროთ? შესაძლებელია მისი  ორივენაირად მიღება. დარიჩინი  არომატულია და  თუნდაც, ყავაზე ზემოდან მოყრა არ არის ურიგო. შეგვიძლია, დარიჩინს დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ დამატკბობლად ნატურალური თაფლი გამოვიყენოთ. მიღებული სითხე ლიმნის წვენით გავაჯეროთ და ისე დავლიოთ.

 

მადის დასაქვეითებლად მნიშვნელოვანია ასეთი კომბინაციაც: ჩაი დარიჩინით, ჯანჯაფილით, ანუ იგივე კოჭათი და ნატურალური თაფლით. ჯანჯაფილი მადის დამაქვეითებელი ეფექტის გარდა ორგანიზმს ენერგიას მატებს. პროპორციები:  2 ნაჭერი, თხლად დაჭრილი ჯანჯაფილი  და ერთი ულუფა ჩაი მოათავსეთ ჭიქაში, დაასხით წყალი, ჩააგდეთ დარიჩინის ჩხირი და ნაყენი მიიღეთ, როგორც ჩაი.

 

მადის დამაქვეითებელ პროდუქტებს შორის შეგვიძლია განვიხილოთ ყავა. დღეში, 2 ფინჯანი უშაქრო ყავა მადის დაქვეითებაში გვეხმარება. კვლევებით დადგენილია, რომ ყავა 30 %-ით მეტაბოლიზმს აჩქარებს, რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის დაწვას და უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენს ორგანიზმში, სიმაძღრის გრძნობას იწვევს, ხსნის თავის ტკივილს და აუმჯობესებს გუნებაგანწყობას. ეს, დიეტის დროს, სწორი კვებისას მნიშვნელოვანია.

 

კვლევებით დადასტურებულია, რომ მწვანე ჩაი 20-25 %-ით ორგანიზმში აუმჯობესებს მეტაბოლურ ცვლას და აქვეითებს მადას.

 

რაც უნდა გასაკვირი იყოს, მადის დასაქვეითებლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ თხილი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ცხიმის შემცველი პროდუქტია, ასევე შეიცავს მეტ ცხიმოვან მჟავებს "ომეგა 3"-ს და "ომეგა 6"-ს, რომლებიც ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს არეგულირებენ, ზრდიან ნივთიერებათა ცვლას.

 

თხილში და ზოგადად თხილეულში არის დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინი, რაც ნერვული იმპულსების სტიმულაციას ახდენს და  ეს, თავის მხრივ, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მასში შემავალი ვიტამინი E დანაყრების შეგრძნებას უზრუნველყოფს და გარდა ამისა, დადებითად მოქმედებს კანზე, თმასა და ფრჩხილების სტრუქტურაზე. იგივე შეიძლება ითქვას ნუშზე, ნიგოზზე და მიწის თხილზე, რომლებიც ასევე აქვეითებს მადას.

 

ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია ბოსტნეულის წვენი, ეს შეიძლება იყოს  გამოწურული ე.წ. ფრეში, ან უბრალოდ ბოსტნეულის ნახარში, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით და ხელს უწყობს  მადის დაქვეითებას და უზრუნველყოფს კუჭნაწალავის ტრაქტის გამართულ მუშაობას.

 

სწორი კვების შემთხვევაში  თუ ამ მითითებებს ვერ ვიცავთ, მაშინ  ვამატებთ გარკვეულ ფერმენტებს იმისთვის, რომ კუჭ­ნაწლავის ტრაქტმა იმუშაოს და  გვიწევს გარკვეული მინერალების და ვიტამინების დამატებაც იმისათვისაც, რომ მადა დავაქვეითოთ.

 

როცა მულტივიტამინების კომპლექსს ვწერთ  დიეტის დროს, ხშირად სვავენ კითხვას, ვიტამინები წონის მომატებას არ უწყობს ხელს?  ხომ არ გამასუქებს? რიგ შემთხვევაში, მადის გაზრდას სწორედ ვიტამინების დეფიციტი იწვევს, რაც საბოლოო ჯამში ჭარბ წონასთან და სიმსუქნესთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ვიტამინების დამატება კვებაში მიმართულია, რომ დავაქვეითოთ მადა, არ გვქონდეს შიმშილის შეგრძნება და შესაბამისად, ნივთიერებათა ცვლა იყოს ადექვატური.

 

რომ შევაჯამოთ, 7 პროდუქტი, რომელიც მადის დაქვეითებაში დაგეხმარებათ ესაა:

დარიჩინი, ჯანჯაფილი, ყავა, მწვანე ჩაი, თხილი, ნუში, ნიგოზი.

 

თითოეული ჩამოთვლილი პროდუქტი მდიდარია ცელულოზით (ანუ უჯრედისით),  სხვადასხვა მინერალებითა და ვიტამინებით, რაც ჩვენს ორგანიზმში მადის დაქვეითებას უზრუნველყოფს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ მეგობრებო!

 

ლაშა უჩავა

 

ლაშა უჩავა ექიმი-ენდოკრინოლოგია. 12 წელია მოღვაწეობს ენდოკრინოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში.

როგორც თანაორგანიზატორი და მომხსენებელი, მონაწილეობს მსოფლის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებში.

ყოველთვის გამოთქვამს მზაობას, ისაუბროს ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვაზე, რომლის ძირითადი პრინციპებია: ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სწორი ძილი.