ოკეანე
რძის 3 პროდუქტი, რომლებიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმის პრობლემების მოგვარებას

რძის 3 პროდუქტი, რომლებიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმის პრობლემების მოგვარებას

მეტაბოლიზმის პრობლემამ შეიძლება პერიოდულად ყველა ჩვენგანი შეაწუხოს, განსაკუთრებით, დღესასწაულების პერიოდში, როცა სხვადასხვა მძიმე კერძს მივირთმევთ. მისი მოგვარება სისტემურად ჯანსაღი ცხოვრების წესითა და ფიზიკური აქტივობით არის შესაძლებელი. ამ პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კი ნატურალური რძის პროდუქტებია, რომლებიც დიდი რაოდენობით პროტეინებს შეიცავს.

მეტაბოლიზმის პრობლემების მოგვარების გზებია:

  • ჯანსაღად კვება - რაციონში ჩართეთ მეტი ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და მარცვლეული, ნაკლები გაზიანი სასმელები, ტკბილეული და მარილიანი წასახემსებლები;
  • მოძრაობა - თუ ვარჯიშს ვერ ახერხებთ, რეკომენდებულია, დღის განმავლობაში, მინიმუმ ნახევარი საათი სეირნობას დაუთმოთ, რაც გულის დაავადებებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ;
  • ალკოჰოლის მოხმარების შემცირება - უქმე დღეებში მეგობრებთან ერთად გართობა ყველას გვიყვარს, თუმცა უმჯობესია, ვეცადოთ ალკოჰოლის მოხმარებამ რეგულარული ხასიათი არ მიიღოს;
  • წყლის მიღება - ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია წყლის რეგულარულად მიღება, რაც დააჩქარებს მეტაბოლურ პრობლემებს, ორგანიზმიდან შაქრისა და მავნე ნივთიერებების გამოდევნაში დაგვეხმარება და დღის განმავლობაში ენერგიას მოგვცემს.

პრობლემის დასაძლევად ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ყურადღება გავამახვილოთ რძის იმ პროდუქტებზე, რომლებიც მეტაბოლური პროცესების დაჩქარებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს:

ხაჭო

ხაჭო

კვლევებით დადასტურდა, რომ მათ, ვინც პროტეინებით მდიდარ საკვებს იღებს და წასახემსებლად ხაჭოს ირჩევს, უკეთესი კუნთოვანი მასა და უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი აქვს. ხაჭოში პროტეინის შემცველობას უმეტესად კაზეინი უზრუნველყოფს, რომელიც იმის გამო, რომ ნელა შეიწოვება კუნთების განვითარებას უწყობს ხელს.

ჯანსაღ კვებაში ხაჭო მიიჩნევა ერთ-ერთ სუპერპროდუქტად, რომელიც შეიცავს B6, B12, A და E ვიტამინებს და კალციუმით, კალიუმით, ფოსფორითა და რკინით არის მდიდარი. შეგვიძლია, ხაჭო საუზმეზე ან წასახემსებლად ხილთან ერთად მივირთვათ და ტკბილის მოთხოვნილება ასე დავიკმაყოფილოთ.

თუ ხაჭოსა და ხილის მიქსს ცოტა თხილეულსაც დავუმატებთ და რეგულარულად ამ ფორმით მოვიხმართ, მალევე ვიგრძნობთ ენერგიის მომატებასა კონცენტრაციის გაუმჯობესებას. რაც მთავარია, ორგანიზმი მარტივი ნახშირწყლებით დატვირთულ ტკბილეულს აღარ მოგვთხოვს.

ყველი

ყველი

თუ ყველის მოყვარულთა კლუბში საპატიო ადგილს იკავებთ, ამ პროდუქტის ყოველდღიურ რაციონში შეტანა არ გაგიჭირდებათ. მთავარია, ხაჭოც, ყველიც და ყველა პროდუქტი, რასაც მოვიხმართ, გონივრული რაოდენობით მივიღოთ და მოვერიდოთ გადამუშავებული ცხიმებისა და ტკბილეულის მიღებას.

ყველიც დიდი რაოდენობით პროტეინების წყაროა, რაც მეტაბოლური პროცესისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. ნახშირწყლებისგან განსხვავებით, მას ორგანიზმი უფრო დიდხანს ამუშავებს და სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამასთან, ის დიდი ხნით გვანაყრებს და წახემსების სურვილი ნაკლებად გვიჩნდება. სწორედ ამ დროს არის ყველაზე დიდი ცდუნება, არაჯანსაღი პროდუქტები მოვიხმაროთ, რამაც შეიძლება რეგულარული ხასიათიც მიიღოს.

დაბალანსებულ კვებაში ყველის ყოველდღიურად მოხმარება რეკომენდებულია. აქვე აღვნიშნოთ, რომ ის შეიძლება წასახემსებლადაც კი გამოიყენო და შაქრის ნაცვლად ორგანიზმს კალციუმი, პროტეინი და სხვა ნუტრიენტები მიაწოდო.

მაწონი

მაწონი

ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი პროდუქტი - მაწონი იმდენად სასარგებლოა, რომ შეგვიძლია, ყოველდღიურად მივირთვათ როგორც საუზმეზე, ისე წასახემსებლადაც. ის შეიცავს A, B2, PP ვიტამინებსა და კაროტინს, ცილებს, ცხიმებსა და მინერალებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის სიჯანსაღისთვის აუცილებელია.

მისი შემცველობიდან გამომდინარე, მაწვნის მიღება სასარგებლოა მეტაბოლური პროცესის მოსაწესრიგებლადაც, რადგან დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს. ასევე, თუ ძილის წინ გსურთ, რაიმე წასახემსებელი მიირთვათ, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენთვის პრიორიტეტულია, შეგიძლიათ, მაწონი საღამოს მთავარ მეგზურად გაიხადოთ.