ოკეანე
ჭარბწონიანობის და სიმსუქნის განვითარების მიზეზები და მათთან ბრძოლა

ჭარბწონიანობის და სიმსუქნის განვითარების მიზეზები და მათთან ბრძოლა

ჭარბწონიანობა და მასთან დაკავშირებული პრობლემა უამრავ ადამიანს აწუხებს. სხვადასხვა მონაცემებით, მსოფლიოში, მოსახლეობის ყოველ მეათე ადამიანს აღენიშნება სიმსუქნე. საქართველოში, ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 20-22% ებრძვის ჭარბ წონას. ამ ბლოგში შევეცდები, სიმსუქნის გამომწვევ რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილო თქვენი ყურადღება.

 

სიმსუქნის მიზეზები:

 

  • სწრაფი კვება (ჭამა)

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ორნი სუფრასთან ერთსა და იმავე საჭმელს მიირთმევენ, მაგრამ სხვადასხვა სიჩქარით. ის, ვინც გაცილებით სწრაფად ჭამს, მეტსაც მიირთმევს. როდესაც საკვები კარგად არ არის დაღეჭილი და თან ძალიან სწრაფად გადაყლაპეს, დროის მცირე მონაკვეთში ტვინი ვერ ასწრებს რეაგირებას, დანაყრდა თუ არა ორგანიზმი.

რჩევა: ჭამის პროცესში კონცენტრაცია საკვების დაღეჭვაზე მოახდინეთ. სწრაფად რომ არ იკვებოთ, ეცადეთ, ყოველ ლუკმას თითო ყლუპი წყალი მიაყოლოთ. ჩართეთ ტელევიზორი, თან უყურეთ, თან ჭამეთ, რათა ყურადღება გადაიტანოთ და ნელა ჭამოთ.

 

  • ზედმეტად კალორიული საკვები

არ შეჭამოთ ზედმეტად კალორიული საკვები.  ეცადეთ შეამციროთ კარტოფილის, ჩიპსების, თეთრი პურისა და ფასტ ფუდის რაოდენობა, რომელიც მაღალკალორიული პროდუქტებისგან მზადდება და თან დიდი რაოდენობით ცხიმებს შეიცავს.

რჩევააკონტროლეთ კალორიები. ისწავლეთ საჭმლის მომზადება შინ. მეტი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი გამოიყენეთ. ეს ძალიან გემრიელი და გაცილებით სასარგებლოა.

 

  • უძილობა

თუ დღე-ღამეში შვიდ საათზე ნაკლები გძინავთ ან უძილობა გაწუხებთ, სისხლში გლუკოზის რაოდენობა იზრდება. ეს ხელის შემშლელი ფაქტორია თუ დიეტაზე ხართ და გახდომას აპირებთ, რადგან ამ დროს იმატებს ინსულინის დონე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმოვან ქსოვილებში ზედმეტი ცხიმის "ჩალაგებას".

რჩევაშეებრძოლეთ უძილობას. დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწექით. დღის განმავლობაში გამოძებნეთ ერთი საათი მაინც, რომ წაუძინოთ.

 

  • უნებისყოფობა

თუ ხანგრძლივი დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ, სწრაფად მოიმატეთ წონაში, ეს ნიშნავს, რომ დაუბრუნდით კვების ჩვეულ წესს, რაც თქვენს უნებისყოფობაზე მიუთითებს. იცოდეთ, ასე მოქცევა არ შეიძლება.

რჩევა: თუ გახდომა გადაწყვიტეთ და დაიწყეთ შესაბამისი პროგრამის შესრულება, შეეცადეთ, დაკლებული წონა შეინარჩუნოთ, გამოიჩინეთ ნებისყოფა და არ მოეპყრათ საკუთარ თავს უპასუხისმგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.

 

 

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ  სპორტი საკმარისია გახდომისთვის. ეს არასწორია. შეიძლება მთელი დღე უზარმაზარი ფიზიკური დატვირთვებითა და ვარჯიშით იყოთ დაკავებული, მაგრამ თვალსა და ხელს შუა სუქდებოდეთ. ყველაფერი საკვების რაოდენობაზეა ისევ დამოკიდებული. თუ კალორიების რაოდენობა, რომელსაც ხარჯავთ ფიზიკური ვარჯიშების დროს, გაცილებით ნაკლებია კალორიებზე, რომელსაც იღებთ საკვები პროდუქტებით, მაშინ, რასაკვირველია, გასუქდებით. სიმსუქნესთან ბრძოლაში აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ადამიანის როგორც ფიზიკური, ისე ემოციური და ნერვული სისტემის გაჯანსაღება, რაც შედეგს - სწორ კლებას - აუცილებლად განაპირობებს.

 

ლაშა უჩავა

 

ლაშა უჩავა ექიმი-ენდოკრინოლოგია. 12 წელია მოღვაწეობს ენდოკრინოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში.
როგორც თანაორგანიზატორი და მომხსენებელი, მონაწილეობს მსოფლის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებში.
ყოველთვის გამოთქვამს მზაობას, ისაუბროს ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვაზე, რომლის ძირითადი პრინციპებია: ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სწორი ძილი.