ოკეანე
კუჭ-ნაწლავი და რძემჟავა პროდუქტები - რატომ და რომელი რძის ნაწარმი უნდა მივიღოთ, რომ ჯანმრთელები ვიყოთ

კუჭ-ნაწლავი და რძემჟავა პროდუქტები - რატომ და რომელი რძის ნაწარმი უნდა მივიღოთ, რომ ჯანმრთელები ვიყოთ

კუჭ-ნაწლავზე ზრუნვა მარტივი ნამდვილად არაა. დღეს, როდესაც ადამიანების დიდი ნაწილი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო არაჯანსაღად იკვებება, კუჭ-ნაწლავის არაერთი პრობლემა იჩენს თავს. მათი თავიდან არიდება ჯანსაღი კვებითაა შესაძლებელი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ კონკრეტული პროდუქტების რეგულარული მიღება, რომელიც კუჭ-ნაწლავის გამართულად ფუნქციონირებას უწყობს ხელს და გარკვეულ პროფილაქტიკურ საშუალებებადაც შეიძლება ჩაითვალოს. ერთ-ერთი ასეთია რძემჟავა პროდუქტები.

 

რძემჟავა პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლო მათში შემავალი ბაქტერიების გამოა. აღნიშნული ბაქტერიები - პრობიოტიკები - ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებსაც შეუძლიათ სარგებლობა მოუტანონ ადამიანს, კერძოდ, დადებითი გავლენა მოახდინონ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე.  პრობიოტიკები ორგანიზმის მეგობარ ბაქტერიად მიიჩნევა. ისინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აძლიერებენ. პრობიოტიკებს ხშირად კეთილ ბაქტერიებს უწოდებენ, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ ცუდ ბაქტერიებს ებრძვიან.  ისინი ერთგვარი ბარიერის ეფექტს ქმნიან, ნაწლავებს ცუდი ბაქტერიების ზემოქმედებისგან იცავენ, ამასთან, ანთების განვითარების რისკსაც ამცირებენ, რადგან ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებას უშლიან ხელს. გარდა ამისა, პრობიოტიკების დახმარებით ჩვენი იმუნური სისტემა ვირუსების წინააღმდეგ გაცილებით ეფექტურად მოქმედებს.

 

პრობიოტიკების ჯგუფში ბევრი ტიპის ბაქტერია შედის. განსაკუთრებით სასარგებლო ბაქტერიებად მიიჩნევა ლაქტობაცილა, ანუ რძისმჟავას ბაქტერია და ბიფიდობაქტერია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა რძემჟავა ბაქტერიის შემცველი საკვები რეგულარულად მიიღოს. ამ მხრივ, მაწონი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რადგან ის ბუნებრივ პრობიოტიკებს შეიცავს. მასში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა კონცენტრირებული რძემჟავა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მაწვნის შენახვის ვადა საკმაოდ ხანმოკლეა.

 

 

 

 

მაწონი

მაწონი

ცნობილია, რომ ცხიმიანი და მძიმე საკვების მიღება ნაწლავის ანთებისა და სხვა დაავადებების გაჩენის მაღალი რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. უკანასკნელი კვლევებით კი დადასტურებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც უზმოზე ცხიმიანი, დატვირთული საკვების მიღებამდე 1 ჭიქა მაწონს ჭამენ, სხვებთან შედარებით ნაწლავის ანთების დაბალი რისკის ქვეშ არიან. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ უზმოზე მცირე ულუფა მაწვნის მირთმევა აუმჯობესებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. თუმცა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის მაღალი მჟავიანობა აწუხებს, მაწვნის უზმოზე მიღება რეკომენდებული არ არის. სასურველია, მჟავიანობის პრობლემა მოიწესრიგოთ და მხოლოდ შემდეგ დაიწყოთ მაწვნის უზმოზე მირთმევა.

 

აღსანიშნავია, ისიც რომ კუჭ-ნაწლავი ერთადერთი არაა, რომლის ჯანმრთელობასაც მაწონი უწყობს ხელს. ის ებრძვის გულის დაავადებებს, დიაბეტს, დეპრესიას და კიდევ არაერთ სხვა დაავადებას.

ხაჭო

ხაჭო

კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის ასევე ძალიან სასარგებლოა რძის ნაწარმის კიდევ ერთი სახეობა - ხაჭო. ხაჭოს სამკურნალო თვისებები უმეტესად ამინმჟავების შემცველობით აიხსნება, ესენია: მეთიონინი, ქოლინი და ლეციტინი. მათი დამსახურებით  ხაჭოს უნარი შესწევს, შეაჩეროს ან თავიდან აგვაცილოს ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება, რომელიც არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგია. ამ ფაქტორებს მიეკუთვნება კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ზედმეტად ცხიმიანი საკვების ინტენსიური მიღება, ორგანიზმში მავნე ნივთიერებების მოხვედრა. ამდენად, ხაჭო სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. სამკურნალო მიზნით ხაჭო გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. ჭარბი წონისა და შაქრიანი დიაბეტის დროს უცხიმო ან ნაკლებად ცხიმიან ხაჭოს ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზების უნარი შესწევს.

 

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ რძის ნაწარმის რეგულარული მიღება, აღარ გადადოთ. თუკი დარწმუნდით მაწვნის სასარგებლო თვისებებში, მიირთვით მისი ერთი ულუფა უზმოზე, ხოლო რძის ნაწარმის სხვა სახეობები, როგორიცაა ხაჭო, არაჟანი, რძე და ა. შ. - დღის განმავლობაში, შედეგს მალევე დაინახავთ. თქვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა გამართულად ფუნქციონირებას დაიწყებს და არაერთი დაავადების პრევენციას მოახდენთ. მრავალფეროვნებისთვის, მაწვნითა და ჩიას თესლით შეგიძლიათ მოამზადოთ პუდინგი და კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მიირთვათ.

 

მომზადებულია mkurnali.ge-თან ერთად