დღის პროდუქტები
რომელი თევზია საუკეთესო ბავშვის განვითარებისთვის

რომელი თევზია საუკეთესო ბავშვის განვითარებისთვის

მოგეხსენებათ, თევზი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ, რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის მიცემა და რომელი თევზია მდიდარი პატარას განვითარებისათვის საჭირო ნივთიერებებით.

 

ამის გასარკვევად მედიცინის დოქტორსა და პედიატრს, თამარ ობგაიძეს ვესაუბრეთ.

 

თევზი ბავშვისათვის აუცილებელი პროდუქტია, რომელიც შეიცავს სრულფასოვან ცილებს და ეს ცილები გაცილებით ადვილად ასათვისებელია, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრების ცილები. თევზი შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ვიტამინებს, როგორიცაა A და D ვიტამინი, აგრეთვე მიკროელემენტებს, როგორიცაა სელენი, თუთია, ბრომი, იოდი. A ვიტამინი არის ვიტამინი, რომელიც მონაწილეობას იღებს ბავშვის განვითარებაში და ასევე მხედველობის ანალიზატორის, ანუ თვალის განვითარებასა და ფუნქციონირებაში. D ვიტამინი კი მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში, შესაბამისად ის წარმოადგენს რაქიტის საპროფილაქტიკო საშუალებას, რაც ორგანიზმის სისტემური დაავადებაა და იწვევს ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანებას. მიკროელემენტები მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტულ პროცესში, ნივთიერებათა ცვლაში, არიან ანტიოქსიდანტები. ასე რომ, თევზი შეიცავს სრულფასოვან ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის განვითარებისათვის.

 

ცალკე მინდა გამოვყო ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, ეს გახლავთ ნივთიერების ის ტიპი, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ბავშვის, მისი თავის ტვინის, თვალის, მხედველობის ჩამოყალიბებაში. იმდენად მნიშვნელოვანია მისი როლი ნერვული სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ, რომ მეორენაირად ამ ნივთიერებებს თავის ტვინის არქიტექტორებსაც კი უწოდებენ. სხვათა შორის, ამ ცხიმოვან მჟავებს აქვთ განსაკუთრებული უნარი, ზემოქმედება მოახდინონ და პროფილაქტიკა აწარმოონ ისეთი სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი. ამ ნივთიერებების კვლევა დაიწყო გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ესკიმოსები პარქტიკულად არ ავადობდნენ ასეთი მძიმე დაავადებებით. იქიდან გამომდინარე, რომ მათი რაციონი ძირითადად თევზეულისგან შედგებოდა, დადგინდა რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ნაკლები სიხშირე სწორედ ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერების დეფიციტი, ბავშვთა ასაკში შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ყურადღების ნაკლებობის და ასევე ჰიპერაქტიურობის სინდრომის, რის გამოც ასეთ ბავშვებს ძალიან ხშირად ენიშნებათ ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები. გარდა ამისა, ბავშვებს, რომელთაც აქვთ მონელების პრობლემები, მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თევზის მიღება, რადგან ის გაცილებით ადვილი მოსანალებელია.

რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს თევზი და რა რაოდენობით?

რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს თევზი და რა რაოდენობით?

თევზი ინიშნება 8 თვის ასაკიდან კვირაში ერთ-ორჯერ, 70-80 გრამი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ თევზის მიღებას, რომელიც მდიდარია ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით. ასეთია მტკნარი წყლებიდან კალმახი, ზუთხისებრნი თავისთავად, ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია. მნიშვნელოვანია ის, რომ ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ზღვის და ოკეანის თევზებში უფრო დიდი რაოდენობით არის, ვიდრე მტკნარი წყლის თევზებში, თუმცა ბევრ დადებით მხარესთან ერთად მას რამდენიმე ურყოფითი მხარეც აქვს. ერთი ის, რომ ალერგიულია და ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული დანიშვნის დროს, მეორე უარყოფითი ისაა, რომ შეიცავს ფხებს, ამიტომ ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ძალიან ყურადღებით უნდა მოხდეს გასუფთავება და საკვებად მომზადება, და მესამე, წყალსატევების ინდუსტრიული დაბინძურება, რაც გლობალური პრობლემაა. აქედან გამომდინარე, დიდი როლი ენიჭება იმ თევზის მიღებას, რაც ვიცით, რომ ნაკლებად დაბინძურებულია.

 

რაც შეეხება გაყინულ თევზს, ინარჩუნებს გაყინვის შემდეგ იმ სასარგებლო თვისებებს, რაც ჩამოგვითვალეთ?

 

გაყინული თევზი ისევე სასარგებლოა, როგორიც ცოცხალი თევზი, ოღონდ აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უნდა იყოს ჯერ სწორად გაყინული და მერე სწორად შენახული. პრაქტიკულად თევზის მომზადება იწყება გემბანზე, როდესაც იჭერენ, რადგან იქვე ხდება მისი დამუშავება და პირველადი გაყინვა. ამასთან ერთად, მისი ტრანსპორტირება უნდა ხდებოდეს სწორად, თევზი არ უნდა ლღვებოდეს და იყინებოდეს რამდენჯერმე, მომხმარებლამდე უნდა მივიდეს ერთხელ გაყინულ მდგომარეობაში.

ბავშვთა ასაკში ძირითადად ვცდილობთ, მივცეთ ე.წ. ცოცხალი თევზი, რომელიც სწორად იქნება მომხმარებლამდე მიტანილი.

 

შებოლილი და მარილში გამოყვანილი თევზის მიცემა რამდენად შეიძლება მოზრდილი ბავშვისთვის?

შებოლილი და მარილში გამოყვანილი თევზის მიცემა რამდენად შეიძლება მოზრდილი ბავშვისთვის?

ადრეული ასაკის, იგულისხმება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შებოლილი ან მარილში გამოყვანილი თევზის მიღება არაა რეკომენდებული, შედარებით მოზრდილებში დასაშვებია თუმცა, კიდევ უნდა აღვნიშნო, რომ ცოცხალი და სწორად გაყინული თევზი ბევრად უფრო სარგებლიანია.

 

იმისთვის რომ თევზმა შეინარჩუნოს ის სასარგებლო თვისებები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, დაცული უნდა იყოს გარკვეული სტანდარტები. რადგან, სანამ თევზი შორეული ოკეანიდან, ზღვიდან, მდინარიდან თუ აკვარიუმიდან ჩვენს კვების რაციონში მოხვდება, დისტრიბუციის, შენახვის რეალიზების საკმაოდ ხანგრძლივ ეტაპებს გადის.