ოკეანე
ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიტანოთ ბავშვის რაციონში ხორცი და როგორ შევარჩიოთ ის

ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიტანოთ ბავშვის რაციონში ხორცი და როგორ შევარჩიოთ ის

ხორცი ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკვები პროდუქტია.

აი, ხუთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა შევიტანოთ ხორცი ჩვილის საკვებ რაციონში:

განსაკუთრებული და სრულფასოვანი ცილა - ხორცი შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს, მათ შორის შეუცველელ ამინომჟავებს, რომლებიც ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის არის აუცილებელი. თერმულ დამუშავების შემდეგაც კი ამ ამინომჟავების სტრუქტურა არ იცვლება.

რკინა - არჩევენ ჰემურ და არაჰემურ რკინას. ჰემურ რკინას შეიცავს ხორცი, არაჰემურს კი ხილი, ბოსტნეული. ჰემური რკინა გაცილებით მარტივად შეიწოვება. ის აუცილებელია ჰემოგლობინის ფორმირებისათვის, რომელიც თავისმხრივ, ცილის და რკინის ნაერთია. რკინის დეფიციტის დროს ვითარდება ანემია (ჰემოგლობინის და სისხლის წითელი უჯრედების დეფიციტი)

თუთია - ხორცი მდიდარია თუთიით, რომელიც მონაწილოებს ბავშვის არამარტო ფიზიკურ ზრდაში, არამედ გონებრივ განვითარებაში, იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში.

B12 ვიტამინი - მონაწილეობს თავის ტვინის და ნერვული უჯრედების განვითარებაში, ასევე სისხლის წარმოქმნის პროცესებში.

ქოლინი - აუცილებელია ბავშვის თავის ტვინის, მისი მეხსიერების განვითარებისათვის.

 

რა სახის ხორცი შეიძლება შევთავაზოთ ბავშვს

რა სახის ხორცი შეიძლება შევთავაზოთ ბავშვს

კურდღლის და ინდაურის ხორცი - ნაკლები ცხიმის, სრულფასოვანი ცილის, რკინის, ბ12 ვიტამინის  მაღალი შემცველობის, ადვილად მოსანელებელი ბოჭკოვანი აგებულების გამო ეს პროდუქტები ხშირად განიხილება, როგორც პირველად გასასინჯი ხორცი ჩვილებისათვის. ინდაურის შერჩევისას უპირატესობა მის მუქ ხორცის ნაჭერს მიანიჭეთ, რადგან  ის რკინით უფრო მდიდარია.

ბავშვთა კვებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხბოს და ძროხის ხორცს. ეს პროდუქტები სრულფასოვანი ცილის გარდა შეიცავს თუთიის, მაგნიუმის, კობალტის, კოლაგენის, B12, B6 ვიტამინების, ქოლინის განსაკუთრებულად დიდ რაოდენობას. სწორედ ეს განსაკუთრებული შემადგენლობა უზრუნველყოფს ბავშვის როგორც ფიზიკურ ზრდას, ისე გონებრივ განვითარებას, მონაწილეობს თავის ტვინის, ძვლების ფორმირებასა და სისხლწარმოქმნის პროცესებში. ჩვილისათვის შეარჩიეთ რბილი, უცხიმო ნაჭერი.

ღორის მჭლე ხორცი  მდიდარია რკინით, სრულფასოვანი ცილით. ასეთი ტიპის ხორცში ნაკლები რაოდენობითაა ნაჯერი ცხიმები. გარდა ამისა, ღორის მჭლე ხორცი საუკეთესო არჩევანია მაშინაც, როცა  ჩვილს ძროხის რძის ცილაზე ალერგია აქვს. ამ შემთხვევაში მას შესაძლოა ალერგია გამოუვლინდეს ძროხის და ხბოს ხორცზეც. ამიტომ ბავშვთა კვების თანამედროვე რეკომენდიციებში აქტიურად განიხილება ღორის მჭლე ხორცი.

ბატკნისა და ქათმის ხორცი -  ხორცის ნაზ ბოჭკოს, სრულფასოვანი, ადვილად   ასათვისებელი ცილის და განსაკუთრებული ვიტამინური შემადგენლობის გამო ასევე  ძალიან სასარგებლოა ჩვილობის ასაკიდან.

როგორ უნდა მივცეთ ჩვილს ხორცი?

როგორ უნდა მივცეთ ჩვილს ხორცი?

უმჯობესია, გამოიყენოთ ახალი, გაუყინავი ხორცი, ასევე შეგიძლიათ უკვე მომზადებული ხორცის გაყინვა და საჭირო დროს გამოყენება.

ხოცრეული რაციონში 6 თვის შემდეგ შეგვაქვს. უმჯობესია 7 თვის ასკიდან, როცა პატარას უკვე გასინჯული აქვს ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული. მოხარშული, წვრილად დაქუცმაცებული ხორცი შეურიეთ ბოსტნეულს თავდაპირველად მცირე რაოდენობით.

 აი, დაახლოებით, რა რაოდენობის ხორცი უნდა მისცეთ ბავშვს:

საჭირო საკვები ინგრედიენტების მისაღებად: 7-8 თვის ასაკში -20 გრამამდე, 8-12    თვემდე-    40-50 გრ, 1-2 წელი-60-70 გრ, 2-3 წ -80-90 გრ, 3-5 წელი - 100 გრამი. 6-9 წ - 110-140 გ,     10-13წ  -140-170 გრ, 14-17 წ - 200-220 გრ.

 უმჯობესია, თუ ცილების ამ წყაროს კვირაში  4-5-ჯერ შესთავაზებთ პატარას.

კიდევ რამდენიმე რჩევა:

  • ხორცი აუცილებელად უნდა იყოს ჯანმრთელი, რაც ლაბორატორიულად იქნება დადასტურებული.
  • თერმულად სრულყოფილად დაამუშავეთ.
  • ცილის რაოდენობათან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარისხი. ამიტომ ბავშვის რაციონში მხოლოდ ცილის საღი, გადაუმუშავებელი წყაროები (მაგალითად, მჭლე ხორცი) შეიტანეთ.
  • თუ რაიმე მიზეზით ბავშვი უარს ამბობს ხორცის მიღებაზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის რაციონში რკინით გამდიდრებული ბურღულეულის, ხილის, ბოსტნეულის და მცენარეული ცილის წყაროების - ქინოას, ოსპის, ბარდის, ლობიოს, თხილეულისა და თესლეულის შეტანას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

თამარ ობგაიძე - პედიატრი, მედიცინის დოქტორი, 30 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, ავერსის კლინიკათა ქსელის პედიატრიული სამსახურის უფროსი, არაერთი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ქვეყნის შიგნით და გარეთ, აქტიური ბლოგერი. ბლოგი - Dr.Tamar Obgaidze/პედიატრი თამარ ობგაიძე -  შექმილია ახალგაზრდა მშობლების დასახმარებლად. პროფესიული საქმიანობის პარალელურად, თამარ ობგაიძე პოეტური კრებულის ავტორია, განსაკუთრებით უყვარს ცეკვა, მისი ჰობია სამეჯლისო-სპორტული ცეკვები. თამარი 12 წელია ცეკვავს და ამბობს, რომ ცეკვა მისთვის უბრალოდ ფიზიკური აქტივობა კი არა, ემოციის გამოხატვის და დადებითი განწყობის საუკეთესო წყაროა.